ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ მმართველი პარტია არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, გარკვეულ უბნებზე იგეგმება ე.წ. კარუსელების დატრიალება.
"კაზინო "ვეგასის" თანამშრომლებს "ქართული ოცნების" შტაბისგან აქვთ დავალება, რომ განახორციელონ კარუსელები. ამ ადამიანებს ხელმძღვანელობს „ვეგასი“ ხელმძღვანელი და "ქართული ოცნებიდან" გიორგი სალია. ამ ადამიანებს ხელზე ექნებათ სამკაულები, მაგალითად ბეჭედი, რომელიც იციან "ქართული ოცნების" წევრებმა. ეს ადამიანები მხოლოდ "ქართული ოცნების" კომისიის წევრებთან უნდა მივიდნენ, რათა არ მოხდეს მათი ამოცნობა. მათ დავალება აქვთ შევიდნენ კონკრეტულ უბნებზე, სადაც ყველაზე მეტად ელიან წაგებას. ესენია: ახალსოფლის უბანი, კოლხიდა, ფაიფურის უბნები, მე-9 საარჩევნო უბანი, სოფელ ოდიშში 57-ე უბანი, 106-ე უბანი ჭითაწყარში და მე-6 უბანი“, - განმარტავს წითლიძე.
მისივე ინფორმაციით, მათ დამკვირვებლებს უბნებზე არ აძლევენ გადაღების უფლებას.
"თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც კარუსელის ამომცნობია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე უბანზე ორჯერ შესულ ადამიანს, პროგრამა ამოიცნობს", - აღნიშნა წითლიძემ.
ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში ამბობენ, რომ უბნებზე ადამიანების სკანირება დაუშვებელია .
"მედიას აქვს კონკრეტული ადგილი გამოყოფილი უბნებზე და არ შეიძლება ადამიანების სკანირება და ანაბეჭდების აღება", - ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.
ინფორმაციისთვის, საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ ზუგდიდის ყველა უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა და კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში პოზიციური პარტიის ბრალდებებზე კომენტარს გააკეთებენ, მმართველი პარტიის პოზიციას მოგვიანებით გაგაცნობთ.
მასალის გამოყენების პირობები