ზუგდიდში პარტია "ტრიბუნას" ოფისი გაქურდეს. პოლიტიკური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის კობა ქანთარიას ცნობით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
"როგორც ვიცი, პოლიციამ დროულად იმოქმედა და ორი პირი დააკავა ადგილზე, ცოტა მოშორებით ოფისიდან. წაღებული იყო კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორი და სხვადასხვა ნივთი. რა თქმა უნდა კომპიუტერში ინფორმაცია ინახებოდა. ვერ გეტყვით, რა მიზნით მოხდა ქურდობა. ამოღებულია ყველა ნივთი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - თქვა ქანთარიამ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს", - ამბობენ უწყებაში.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები