შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძეს განაცხადა. მისი ინფორმაციით, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, მისივე თქმით, სრულად იქნებიან მობილიზებული და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
საბანაძე საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული არღვევს მოქალაქის უფლებებს.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას“, - აღნიშნა საბანაძემ.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ისინი თანამშრომლობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
„პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, იყოს სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში’, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მასალის გამოყენების პირობები