საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური დღეს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება.
ქუთაისში ასევე გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.
ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210-ია.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა; შესაბამისად საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.
საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მოხვდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს.
საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს რვა პარტია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "პატრიოტთა ალიანსი", "გირჩი", "მოქალაქეები", "ლეიბორისტული პარტია". ისინი არ ცნობენ არჩევნების მეორე ტურსაც. თუმცა, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები დღევანდელ არჩევნებზე ბიულეტენებში კვლავ არიან წარმოდგენილნი, ვინაიდან, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნა შეუძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები