ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.
ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 93.88% (31 678) ხმა მიიღო. ამ ეტაპზე დათვლილია ზუგდიდის 109-ვე საარჩევნო უბანი. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას, რომელმაც მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ხმების 6.12% (2 064 ხმა) მიიღო.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გუშინ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ბოლო მონაცემებით, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა სულ 34 080 მოქალაქემ მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 28.34%-ს შეადგენს. პირველ ტურში საკუთარი არჩევანი 46.17%-მა დააფიქსირა. მაშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 48.24 % მიიღო, ხოლო ენმ-დან მალხაზ ჯალაღონიას 36.93 %-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის გააყალბა, რასაც უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და მასში მონაწილეობა არ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები