სოხუმმა შესაძლოა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა რიგებიდან ეუთოს გარიცხვა მოითხოვოს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მიერ 4 დეკემბერს
გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დაგმობილია რუსული ოკუპაციის შედეგები და დადასტურებულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უწყება ეუთოს მიკერძოებულ და ცალმხრივ პოზიციასა და თბილისის ნებისმიერი ქმედების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
"ამ პირობებში, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს უნდა მოესმინათ უფრო მნიშვნელოვანი და დაბალანსებული შეფასება რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ, კონფლიქტის ყველა მხარის შეხედულების გათვალისწინებით. მიუკერძოებელი მიდგომა, რომელიც შეიძლება ჩანდეს ეუთოს რიტორიკასა და ქმედებებში, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონში პოლიტიკური რეალობის ადეკვატური აღქმისკენ. თუმცა, სინამდვილეში, გაბატონებულია ცალმხრივი პოლიტიზებული პოზიცია...", - ნათქვამია განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეა, აფხაზური მხარის განცხადებით, მას არ აქვს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ ნდობა და უფლებას იტოვებს მოითხოვოს თანათავმჯდომარეთა რიგებიდან ეუთოს გარიცხვა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები. რუსეთს უკვე წლებია ეუთოში დაბლოკილი აქვს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის მუშაობა.
მასალის გამოყენების პირობები