სამეგრელოს ორ მუნიციპალიტეტში წალენჯიხასა და მარტვილში ცეცხლის კერებს მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ებრძვიან.
წალენჯიხაში, სოფელ ობუჯისა და ნაკიფუს საზღვართან, ჯაღრას უბანში ეკალ-ბარდებს უკიდია. ასევე, მეხანძრე-მაშველები მარტვილის სოფელ სალხინოშიც, სადაც ხანძარი ტყეშია.
ხანძარს აქრობენ ზუგდიდის სოფელ დავითიანშიც.
ხანძართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც. უწყების ცნობით,
სამეგრელოში 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.
მასალის გამოყენების პირობები