ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 20 იანვარს, დღის 12 საათზე გაჩერდება.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის პრესსამსახურში უთხრეს. ამავე ინფორმაციით, სწორედ ამ დროიდან დაიწყება სარემონტო სამუშაოები, რაც აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. გრაფიკით დამტკიცებული გეგმის მიხედვით, 1 მაისს ენგურჰესი უკვე უნდა მუშაობდეს ქსელში.
"საიმედო და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, 2018-2021 წლებში რეაბილიტაციის მეოთხე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს", - აღნიშნულია ენგურჰესის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჰესის ადმინისტრაციის განმარტებით, დაგეგმილია 100-მდე სხვადასხვა სამუშაო. რეაბილიტაციის ფარგლებში, სადერივაციო და სხვა გვირაბების რემონტიც იგეგმება, ასევე, ბეტონის სადრენაჟო წყლების გამოყვანა, სამუშაოები ელექტროტექნიკურ და ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებზე, შლამის ამოღება ენგურჰესის წყალსაცავიდან (კაშხლის მიმდებარე ტერიტორია), ჰიდროელექტროსადგურთან მისასვლელი გზების რემონტი.
მასალის გამოყენების პირობები