"მოძრაობა საქართველოსთვის" სუს-ს ჩხოროწყუში მერის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდეს
"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ჩხოროწყუს მერიაში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.
მათ დღეს ზუგდიდში, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში განცხადება შეიტანეს და საგამოძიებო ორგანოს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. ორგანიზაციის წევრები ამტკიცებენ, რომ ჩხოროწყუს მერიაში გამარტივებულ შესყიდვებს გამოუცდელ პირებს უფორმებენ და ამ სქემაში უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერი მონაწილეობს. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მოითხოვს გამოძიებას "მოძრაობა საქართველოსთვის"
"საქმე ეხება პირდაპირი შესყიდვის წესს, სადაც ინდ. მეწარმეები ყოველგვარი გამოცდილების გარეშე იღებენ ასეულობით ათას ლარს. ჩვენი ვარაუდით, ამ სქემის უკან დგას ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა, მოვითხოვთ ამ ადამიანების მხილებას და კანონის შესაბამისად მოქმედებას", - აღნიშნა ორგანიზაციის წევრმა ალიკა კუპრავამ.
სუს-ში განცხადება ამავე ორგანიზაციის წევრმა ნიკა ნარსიამ შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები