აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 მარტამდე გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. თუმცა, რეგიონში 15 თებერვლიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასების
მოსწავლეებისთვის სკოლები იხსნება, 22 თებერვლიდან კი საკლასო ოთახებში მე-5-11 კლასის მოსწავლეებიც დაბრუნდებიან. გარდა ამისა, 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ თეატრები, მუზეუმი, ბიბლიოთეკები და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებები.
პანდემიის გამო, სოხუმმა დამატებითი შეზღუდვები 15 ოქტომბერს დააწესა და მას შემდეგ რამდენჯერმე გაახანგრძლივა.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში Сovid 19-ის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების 11 933 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 10 943 და გარდაცვლილი 187 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები