რა მდგომარეობაა ზუგდიდის სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მხრივ
ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და კლასებში ის მოსწავლეებიც დაბრუნდნენ, რომლებიც კოვიდ19-ის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
„სკოლის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, მასწავლებლებს და მძღოლებს, ორ კვირაში ერთხელ ტესტირება უტარდება. სკოლები იცავენ რეგულაციებს და კოვიდ-19 შემთხვევები ბოლო დროს არ გვქონია. ახლა საგაზაფხულო არდადეგები იწყება და იმედია ესეც დადებითად იმოქმედებს ვირუსის გავრცელების შეკავებაზე “, - აღნიშნა ბულია.
ინფორმაციისთვის, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ მუნიციპალიტეტის სკოლებში ვირუსის 20-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ბოლოს, კოვიდ-19 მეორე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა. მე-7 კლასის მოსწავლეებს იზოლაციის პერიოდი 1-ელ მარტს დაუმთავრდათ.
მასალის გამოყენების პირობები