ზუგდიდში, სოფელ დავითიანში მდებარე ემიგრანტთა ბაღს, რომელიც ხანძარმა სრულად გაანადგურა, "საქართველოს ნერგებისგან" რამდენიმე ასეული ხე-მცენარე გადაეცა.
"ფესვების" დამფუძნებელი, პოეტი ლია ნაროუშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა კომპანიამ მისი სატელევიზიო ინტერვიუს ნახვის შემდეგ გამოიჩინა.
"ხანძარმა ყველა ნერგი გადაწვა, რომელიც მოგეხსენებათ ემიგრანტებისა და ჩვენი მოქალაქეების მიერ იყო გამოგზავნილი და დარგული. ხე-მცენარეებთან ერთად განადგურდა ყველანაირი ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა, ღობე... ჩემთვის ეს იყო შოკი. "საქართველოს ნერგებმა", სანერგე მეურნეობამ უსასყიდლოდ გადმოგვცა 1 000-მდე ნერგი, საიდანაც ნახევარი დღეს ჩამოიტანეს. მათ ნახეს ჩემი ინტერვიუ, დამიკავშირდნენ, მითხრეს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ჩვენი მეურნეობა კი ეცდება აქტიურად ჩაერთოს ბაღის აღდგენაში. დღევანდელმა დღემ მომცა სიცოცხლის გაგრძელების უფლება", - ამბობს ის.
ლია ნაროუშვილის ინფორმაციით, ხე-მცენარეების დარგვაში მას ზუგდიდის მერია დაეხმარა. ამასთან, საქველმოქმედო კამპანიაში ჩართულები იყვნენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ცისკარი" და "ოდოია".
"მერიის სამსახურები ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ ორმოები გავამზადეთ წინასწარ. 5 მეტრიანი დიდი ნერგებია, დეკორატიული ხეები და ხილი. სხვადასხვა სახეობის კარგი ნერგებია, ხეებია ფაქტობრივად, რამდენიმე მეტრის სიმაღლის. გვეხმარებოდა ანსამბლი "ცისკარი" და "ოდოია", მათ თვითონაც მოიტანეს ნერგები და მიიღეს მონაწილეობა დარგვის პროცესში ასევე, გვყავდა სტუმრად ემიგრანტები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ "ფესვები" ეს არის პატარა კაპილარი, რომელიც შეერთებულია არტერიას - დედამიწას, რომელიც ისედაც კატასტროფის წინაშე დგას, მწვანე საფარის განადგურების გამო და მინდა ადამიანებმა როგორღაც ამ სადინარში ერთი წვეთი, ერთი ნერგი რომ დარგონ, რათა ამ გულმა იმუშავოს და ადამიანებმა იდღეგრძელონ, ხანგრძლივად იყვნენ წუთისოფელში", - უთხრა რადიო
"ათინათს" ლია ნაროუშვილმა.
"ფესვები" 2018 წელს დაფუძნდა. ემიგრანტთა ბაღში ხანძრამდე 5 000 ხე-მცენარე იყრიდა თავს.
მასალის გამოყენების პირობები