ზუგდიდის თეატრის მშენებლობის დასრულება 2021 წელს ვერ მოხერხდება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ კომპანია „ატუში“ დაუდასტურეს.
კომპანიის წარმომადგენელი სერგო კელენჯერიძე ამბობს, რომ მშენებლობის დასრულების ვადებმა შესაძლოა 2022 წლისთვის გადაიწიოს. მისივე თქმით, ამის მიზეზი პანდემიით გამოწვეული კრიზისია.
„გასულ წელს გვქონდა შეფერხებები. მუშები და სხვა თანამშრომლები ვირუსით დაავადდნენ. სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. „ქართუსგან“ თანხას შესრულებული სამუშაოების მიხედვით ვიღებთ. ლარის კურსის ცვლილებას პროექტზე დიდი გავლენა არ მოუხდენია და მისი ბიუჯეტი იგივე რჩება“, - აღნიშნა მან.
რადიო
„ათინათის“ კითხვაზე, კომპანიას ხომ არა აქვს რაიმე სახის ფინანსური კრიზისი, კელენჯერიძე ამბობს, რომ მათ არანაირი პრობლემა არა აქვთ და მშენებლობა გრძელდება.
ინფორმაციისთვის, თეატრის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტი „ქართუ“ ბანკმა 16 მილიონი ლარით დააფინანსა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ატუმ“ 2019 წელს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები