კორონავირუსის გავრცელების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღი დახურულია. აბასთუმნის, რიყის, ურთის, დარჩელის, ახალკახათისა და ჩხორიის
სააღმზრდელო დაწესებულებაში ვირუსი აღმზრდელებს დაუდასტურდა.
მერიის „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის" დირექტორის ხათუნა თოლორაიას თქმით, აღნიშნული ბაღებიდან ყველაზე რთული ვითარებაა დარჩელში. მისივე ცნობით, აქ კოვიდ-19 უკვე 7 აღმზრდელს აქვს დადასტურებული და ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როდის გაიხსნება დაწესებულება.
„დახურული ბაღების ნაწილში, თანამშრომლების განმეორებითი ტესტირება ორშაბათს ჩატარდება და პასუხების მიხედვით, მივიღებთ გადაწყვეტილებას. მინდა ავღნიშნო, რომ გასული წლის ნოემბრამდე სოფლის ბაღებში ნაკლებად ან საერთოდ არ ფიქსირდებოდა ვირუსი და მეტწილად ქალაქის ბაღებში იყო პრობლემა. ამჟამად, ქალაქის არც ერთი ბაღი დახურული არ არის“, - აღნიშნა თოლორაიამ.
ინფორმაციისთვის, სოფელ დარჩელში ბოლო რამდენიმე დღეში კორონავირუსი 100-მდე ადამიანს დაუდასტურდა. სოფელში მასობრივი ტესტირება ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები