ჭყონდიდის მიტროპოლიტი ნინოწმინდის პანსიონზე: ჯერ ვერ ვაყალიბებ პოზიციას
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ სინოდის სხდომა ჩანიშნული არ არის და შესაბამისად, ჯერ უცნობია განიხილავს თუ არა ნინოწმინდის პანსიონის
საკითხს სინოდი. ეპარქიის მმართველი თვლის, რომ მიტროპოლიტი სპირიდონი მართალი ადამიანია და მან პანსიონში ქუჩიდან მისული ასეულობით ბავშვი გამოზარდა.
„ჯერ მე ყველაფერი ვერ გავიგე, ზოგი ასე ამბობს, ზოგი ისე. ყველაფერი არეულ-დარეულია. პირად პოზიციას, ასე უბრალო ინფორმაციებით ვერ ვაყალიბებ. რა თქმა უნდა მეუფე სპირიდონთან კომუნიკაცია მქონდა და მე ვიცი, რომ არის მართალი და წესიერი ადამიანი. მან უამრავი, ასეულობით ბავშვი შეიფარა და გამოზარდა. სხვა მხრივ, ახლა მე ვერ გეტყვით, რა და როგორ, მე რა გითხრათ ახლა. ვიცი, რომ მან უამრავი დრო და რესურსი დახარჯა ამ ბავშვებისთვის და რაც მთავარია სიყვარული. და ვიცი ერთი რამეც, გეგმაზომიერად მიდის ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს საკითხიც ერთ-ერთი ნაწილია ამის“, - მიიჩნევს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.
ინფორმაციისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბენეფიციარების ნაწილი უკვე გაიყვანეს. ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სასამართლოს 4 ივნისს მიმართა და დაწესებულებიდან ყველა ბავშვის დაუყონებლივ გაყვანა მოითხოვა. საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები თვლიან, რომ პანსიონში ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის და მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდება.
მანამდე, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (2016-2021 წლებში) პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები