სამხარეო ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც COVID-19 ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმა დაამტკიცეს.
სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვაქცინაციის დანერგვის ადგილობრივი გეგმა მოიცავს: საჭიროებისამებრ დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად; შერჩეული ამცრელი ერთეულების ხარისხიანი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფას; მოხალისეების მობილიზებას ამცრელი ბრიგადებისთვის და გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად, რეგიონში ვაქცინაციის 26 ამცრელი ბრიგადა უნდა დაემატოს, სულ კი სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის პროცესში (ამჟამად არსებული ბრიგადების დამატებით) 38 ამცრელი ბრიგადა იმუშავებს.
სხდომაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მათ შორის კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობა. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 610 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 191 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 859 მოქალაქე. რეგიონში ფუნქციონირებს 1 ჰიბრიდირებული საკარანტინე სივრცე (სასტუმრო "პალმ ბიჩში"), სადაც კარანტინში იმყოფება 15 მოქალაქე.
დღეის მდგომარეობით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სულ ნიმუშის აღებაზე ჩართულია 54 სამედიცინო დაწესებულება. ვაქცინაცია კი 12 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები