მინისტრი: ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოშია
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავება უწყებისთვის ღირსების საკითხია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურმა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ესებუას საქართველო არ დაუტოვებია.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, მითუმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით, ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შსს. შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით“,- ამბობს გომელაური.
ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. გამოძიების მტკიცებით, ბანკზე თავდასხმა სოფელ ალერტკარის მკვიდრმა ბადრი ესებუამ განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები