არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული მამა-შვილის სასამართლო დღეს გაიმართება
სასამართლო არასრულწლოვანი გოგონების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებში ბრალდებული მამა-შვილის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.
პროკურატურამ მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. დაზარალებულების ოჯახი ორივე მამაკაცის მკაცრად დასჯას ითხოვს.
23 ივნისს დაკავებულ ბ.გ და ზ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მცირეწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლი გუშინ დაწვეს. 65 წლამდე და 35 წლის მამაკაცები დაზარალებულების მეზობლები არიან.
მასალის გამოყენების პირობები