ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 271 აბიტურიენტიდან 36 არ გამოცხადდა. შესაბამისად, დღეს აქ ქართულ ენასა და ლიტერატურას 235 კურსდამთავრებული აბარებს.
ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას ინფორმაციით, არც ერთ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდა და გამოცხადებულებიდან გამოცდაზე ყველა დაუშვეს.
„არ მაქვს ინფორმაცია რა მიზეზით არ გამოცხადდა აბიტურიენტების ნაწილი, თუ ეს ეხება კორონავირუსს და მათ აქვთ შესაბამისი ცნობა, ცენტრი მიიღებს გადაწყვეტილებას მათთან დაკავშირებით. რაც შეეხება საგამოცდო პროცესს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაცულია, ყველამ გაიარა თერმოსკრინინგი და დეზობარიერი. რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გვქონია“, - აღნიშნა ნანა ქირიამ.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
მასალის გამოყენების პირობები