აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ დაადასტურა, რომ 5 ივლისიდან ენგურის ხიდის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. აქედან გამომდინარე,
გალის მცხოვრებლებს ვაქცინაცია არა მხოლოდ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არამედ სურვილის შესაბამისად შეეძლებათ, წერს "აფსნიპრესი".
"აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის განცხადებით, საზღვარზე მოწყობილია სამედიცინო პუნქტი, სადაც გადაადგილებულებს აღრიცხავენ. რეჟიმი შემსუბუქებულია, რათა ხალხმა ვაქცინაცია შეძლოს, უკან დაბრუნებულებმა აუცილებლად უნდა შეიარონ სამედიცინო პუნქტში, სადაც ვაქცინირებულები აღირიცხებიან, ასე ყველანი ერთად შევებრძოლებით ამ ინფექციას", - განაცხადა გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ.
გალის რაიონის მთავარი ექიმის ასტამურ გამგიას თქმით, ენგურის ხიდის გადაკვეთის მსურველთათვის გარკვეული მოთხოვნებია დაწესებული.
"იმის გათვალისწინებით, რომ Covid-19 ძალებს იკრებს, ჩვენ გავხსენით სამედიცინო პუნქტი "ენგური", კონტინგენტის შესასწავლად, რათა შეგვეძლოს სტატისტიკის წარმოება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც საზღვარს გადაკვეთს, იქნება გარკვეული მოთხოვნები, მათ უნდა წარმოადგინონ ცნობა ვაქცინაციის შესახებ, ან PCR ტესტის შედეგები. მათ კი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, უნდა წარმოადგინონ ანტისხეულების არსებობის დამადასტურებელი ცნობა. ჩამოთვლილთაგან ერთი ცნობის წარმოდგენის საფუძველზე პირს საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნება, გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით მიმავალმა მოქალაქეებმაც უნდა წარმოადგინონ ცნობები", - აღნიშნა ექიმმა.
მისივე ინფორმაციით, ცნობების გარეშე გაატარებენ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის მქონე პაციენტებს. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 3 დღის შემდეგ დაბრუნებულებს დასჭირდებათ 72 საათით ადრე ჩატარებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი ან ვაქცინაციის ცნობა.
ენგურის ხიდი მოქალაქეებისთვის დილის 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება ღია.
5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი ხიდი სრულად გაიხსნა. ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა. უკვე წელიწადზე მეტია, რაც აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი ჩაკეტა. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვლიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 6 ივლისის მონაცემებით, სულ აცრილია 272 810 ადამიანი.
რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის "სპუტნიკ V"-ის პირველი პარტია მოსკოვიდან სოხუმში 30 აპრილს ჩაიტანეს. ვაქცინაციის პროცესი 12 მაისს დაიწყო. 26 ივნისის მონაცემებით, აფხაზეთში სულ აცრილი იყო 4682 ადამიანი, მათ შორის 2197 - ორჯერადად.
მასალის გამოყენების პირობები