ჩხოროწყუში შვლები მომრავლდნენ, ცხოველთა მოყვარულები მოსახლეობას მათი დაცვისკენ მოუწოდებენ
ჩხოროწყუელი ფოტოგრაფი და ცხოველთა მოყვარული რომან თოლორდავა მოსახლეობას მოუწოდებს შვლებს გაუფრთხილდნენ და დაიცვან ბრაკონიერებისგან. მისივე თქმით,
ეგრისის ქედზე შველები მომრავლდნენ და საკვებისთვის ბარში ხშირად ჩამოდიან. მან რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მეგობრებთან ერთად რამდენიმე ინდივიდი 18 წლის წინ ჩამოიყვანა და ისინი ეგრისის ქედის იმ ზონაში გაუშვეს, სადაც ბრაკონიერებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი.
„გუშინ სოფელ სარაქონში ორჯერ ნახეს მამრი, ადგილობრივები მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ისინი ბრაკონიერებისგან. აუცილებელია, გარემოს დაცვის ინსპექციამ ამ არეალებში გააძლიეროს პატრულირება და დააფიქსიროს მათი გადაადგილება. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე შველი მოკვდა. ძაღლები, როცა დევნიან უზიანდებათ ჩლიქები და მერე ინფექციით შეიძლება მოკვდეს. უკვე ძალიან გამრავლდნენ, ჩამოდიან სოფლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთაში ბევრნი არიან და საკვები არ ჰყოფნით. 2003 წელს ჩამოვიყვანეთ მეგობრებმა და გაუშვით მთისწინა ზონაში. ეგრისის ქედზე ძალიან ბევრი იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო საერთოდ არ გვხვდებოდა, ახლა კი ამ ბუნების სილამაზეს გაფრთხილება სჭირდება“, - ამბობს თოლორდავა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კანონმდებლობით, შველზე ნადირობა აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები