შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის ავტოავარიაში დაღუპული სტომატოლოგის ნათია როგავას ოჯახის წევრებმა სტიპენდია დააწესეს.
ფულადი ჯილდოს გარდა ნათიას დაბადების დღეზე, ყოველ წელს, 13 ივლისს სტომატოლოგიური პროგრამის საუკეთესო სტუდენტს სპეციალური სიგელი და სიმბოლურად კბილის ფორმის სკულპტურა გადაეცემა წარწერით "სიყვარულისა და მაღალი პასუხისმგებლობის გარეშე თეთრი ხალათის ტარება შეუძლებელია".
პირველი ასეთი სტუდენტი, რომელსაც ნათია როგავას მეუღლემ და შვილმა ჯილდო გადასცეს, თამარ ახალაიაა. მან დაღუპული სტომატოლოგის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ოჯახის მიზანია, რომ ამ ფორმითაც, როგორც შეგვიძლია, უკვდავვყოთ ნათიას სახელი. ნათიას სურდა, რომ გამხდარიყო ლექტორი და თავისი ცოდნა და გამოცდილება მომავალი თაობებისთვის გაეზიარებინა. ვფიქრობთ, ეს სტიმული იქნება ახალგაზრდა მომავალი სტომატოლოგებისთვის“, - თქვა ნათიას დამ მარიამ როგავამ.
ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ნათია როგავა გაიხსენეს მისმა ოჯახის წევრებმა, თანამშრომლებმა და მეგობრებმა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და თანამშრომლებმა კი მის ოჯახს წამოწყებული საქმისთვის მადლობა გადაუხადეს.
31 წლის სტომატოლოგი ნათია როგავა 2020 წლის 7 ნოემბერს მოჰყვა ავტოავარიაში. მძიმე დაზიანებებით ის თბილისის კლინიკაში 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები