ზუგდიდის სოფელ ინგირის მოსახლეობის ნაწილი წყლმომარაგების სისტემის მოწყობას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი დღეს მერიაში მივიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოითხოვეს შეხვედრა.
მათი თქმით, სოფლის სამი ქუჩის მოსახლეობა წლებია უწყლოდაა დარჩენილი და დაპირების მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მოსახლეობა ადგილობივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მოგვიანებით ისინი მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
"ყველას ვთხოვთ დაგვეხმარონ, არჩევნების მერე კი არა, მანამდე, რატომ იცით ? - გვატყუებენ ყოველთვის. ნოემბერში და დეკემბერში კი არა - მოგვცენ წყალი ახლა. წყალს ვითხოვთ, განა რამე სხვას", - უთხრა ჟურნალისტებს ინგირის მკვიდრმა.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებამდე მოსახლეობას წყალს რეზერვუარებით მიაწვდიან.
"ჩვენ განვუმარტეთ ინგირის მოსახლეობას როგორც დაგეგმილ სამუშაოებზე, ისე იმ სამუშაოებზე რომელიც უკვე ხორციელდება. დღეს ინგირში 9 ქუჩაზე დაიწყო წყალმომარაგების სამუშაოები, რომელიც დეკემბრამდე დასრულდება. რაც შეეხება იმ ქუჩებს, სადაც ჯერ არ მიმდინარეობს სამუშაოები, მთავრობის 10 წლიან გეგმაში მოცემულია რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული, რომელთა დაქსელვა სრულად იგეგმება", - უთხრა ჟურნალისტებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები