საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა. გიორგი კალანდრიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი,
სამი კი წინააღმდეგი წავიდა. კალანდრიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით უხელმძღვანელებს.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკოს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.
კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყარა კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით ასარჩევად, პირველ ჯერზე საჭირო იყო დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ 100 ხმა. არასაკმარისი ხმების გამო, ხელახლა დაინიშნა კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზება იყო აუცილებელი. საკმარისი ხმების მოგროვება ვერც მეორე კენჭისყრაზე მოხერხდა. საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, დაინიშნა მესამე კენჭისყრა, რომელზეც უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა, თუმცა საჭირო ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საბოლოოდ კანდიდატების დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდა, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით, შემდეგ კი, კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები