პარტია "საქართველოსთვის" მმართველ გუნდს ზეწოლაში ადანაშაულებს
პარტია "საქართველოსთვის" ზუგდიდის ოფისის წევრები "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა,
რომ სენაკის ერთ-ერთ მაჟორიტარულ უბანზე მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა. გარდა ამისა, ფარულავა ამბობს, რომ ზუგდიდში "სტრატეგია აღმაშენებლის" კვოტით ადგილობრივ საოლქო კომისიაში წევრებად მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ირჩევენ.
"ეს პრაქტიკა, როცა "ქართული ოცნება" იყენებს ძალოვან სტრუქტურებს ზეწოლისთვის არის არამარტო სამართალდარღვევა და საჭიროებს რეაგირებას, გამოძიებას, არამედ არის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის ხელშეშლა. მივმართავთ მთავრობას და ცესკოს, რომ გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და შეასრულონ თავიანთი ფუნქცია", - თქვა გიგა ფარულავამ.
მან საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებელო ორგანიზაციებს საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები