"ერთიანი ნაციონალური მოძრაობს" ზუგდიდის ორგანიზაცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების
ჩამორთმევაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელიც, მისივე მტკიცებით, ასახავს ფაქტს, თუ როგორ მოახერხეს მათ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული პირადობების დაბრუნება. წითლიძის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს სოფელ რიყეში მოხდა. მისივე თქმით, ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები ამავე სოფლის მკვიდრმა, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მაყვალა ანთიამ ჩამოართვა და ასევე პროცესში ჩართულია ზუგდიდის თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია.
"დღეს ჩვენ გავასაჯაროებთ კადრებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სოფელ რიყეში და ნახავთ, როგორ დადიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და როგორ ართმევენ ენმ-ის სახელით ამომრჩეველს პირადობის მოწმობებს. ეს ადამიანები არიან მაყვალა ანთია, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი და მერაბ კაკალია, ზუგდიდის თეატრის მსახიობი. ამ ადამიანებმა დღეს რიყეში 30-მდე ადამიანს, ენმ-ის მხარდამჭერს გამოართვეს პირადობის მოწმობა და ჩვენ შევძელით მივსულიყავით კონკრეტულ ადგილას და წაგვერთმია ეს მოწმობები და დაგვებრუნებინა ამომრჩევლისთვის. ჩვენი ინფორმაციით, მაყვალა ანთიას შვილი იმყოფება პატიმრობაში, კონტრაბანდაზე და სწორედ პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ "ქართული ოცნება" სთხოვს პირადობების აკრეფას. მოვუწოდებ პირველ რიგში ოპოზიციის ამომრჩეველს, ნუ მისცემთ პირადობის მოწმობებს ნურავის, არ დაუჯეროთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან მოდიან ნაციონალური მოძრაობის სახელით. "ქართული ოცნების" შტაბს მივმართავ - შეწყვიტეთ მსგავსი უკანონო ქმედებები, ადამიანის პირადი პრობლემებით და ტრაგედიით მანიპულაცია", - ამბობს წითლიძე.
ოპოზიციური პარტია პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ენმ-ის ბრალდებებზე "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში განმარტებები ჯერ არ გაუკეთებიათ.
მასალის გამოყენების პირობები