ენმ-მ ზუგდიდის საოლქოში არჩევნებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა
ენმ-ის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა და პარლამენტარმა ანა წითლიძემ სამეგრელო-ზემო საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
ის მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლის და საოლქოში დალუქული ოთახში კომისიის წევრის შესვლის საკითხის გამოძიებას ითხოვს. წითლიძის მტკიცებით, საოლქო კომისია შედეგების გაყალბებით არის დაკავებული.
"შევიტანე განცხადება პროკურატურაში, სადაც ვითხოვ გუშინდელ და დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას. ვგულისხმობ დალუქული ბიულეტენების გახსნას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სასარგებლოდ ბიულეტენების ჩადებას. დღეს კიდევ უკანონოდ გახსნა დალუქული ოთახი და ბიულეტენები. ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში გამოძიების იმედი არ უნდა მქონდეს, იმიტომ რომ ბევრი ასეთი საქმე აქვთ თაროზე ჩამოდებული, მაგრამ ეს ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მალე ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული. მომდევნო ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ამ ფაქტს და მირანდა მესხს მოუწევს ციხეში ჩაჯდომა“, - ამბობს წითლიძე.
შეგახსენებთ, ხმაური იყო დღეს #67-ე საოლქო კომისიაში. ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დალუქულ ოთახში ბიულეტენების შესაცვლელად შევიდა. კომისიის თავმჯდომარე. მირანდა მესხი კი ირწმუნება კომისიის წევრს შესვლის უფლება ჰქონდა და ის მხოლოდ პაკეტებს ახარისხებდა, ბიულეტენები არ გაუხსნია. მოგვიანებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მედია პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა.
მასალის გამოყენების პირობები