ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაზე ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სანთლები დაანთეს.
"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ხალხი შეიკრიბა იმიტომ, რომ ჰპარავენ არჩევანს ზუგდიდელებს, ამაყ და მართლაც ღირსეულ ხალხს, რომლებმაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმს. უნდა დავანახოთ, რომ არ შევეგუებით ამას, ვიბრძოლებთ და გვინდა მივცეთ მაგალითი მთელ საქართველოს. ნუ შეგეშინდებათ, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი", - აღნიშნა აქციაზე მისულმა ბაჩანა შენგელიამ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დღევანდელი აქცია პარტიის ადგილობრივ ოფისთან დაიწყება და ისინი მსვლელობით #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიისკენ გადაინაცვლებენ. ენმ-ს აქციას შეუერთდა ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის "ევროპული საქართველო" და "ლელო".
ენმ-ს წარმომადგენლები ხელისუფლებას და საოლქო კომისიას ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატისთვის ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ. ნიკა მელიას განცხადებით, ეს ზუგდიდელების შეურაცხყოფაა და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მომხდარი ყველამ უნდა გააპროტესტოს.
მასალის გამოყენების პირობები