თბილისის აქციაზე მიმავალ კოლონას სამტრედიაში, "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეული მხარდამჭერი დახვდა და "სირცხვილის კორიდორი" მოუწყო.
აქციის მონაწილეებს შორის იყო ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ედიტა კოდუა. მისი თქმით, ის აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ ინციდენტი არ მომხდარიყო და დაეცვა ორივე მხარის ინტერესები.
"სირცხვილის კორიდორი მოუწყო ხალხმა ნაციონალებს, იმიტომ რომ სირცხვილია მათი დაბრუნება. მე ვერ ვხედავ ამის საშიშროებას, თუმცა მოსახლეობამ გააპროტესტა მშვიდობიანი აქციით და ჩვენ უფლება არ გვქონდა იქ არ ვმდგარიყავით, არ გაგვეკონტროლებინა სიტუაცია, რომ ინციდენტი არ მომხდარიყო", - ამბობს კოდუა.
საკრებულოს წევრი აგრესიას გმობს და ამბობს, რომ ენმ-ს მხარდამჭერებისთვის გზა არ გაუდაუკეტიათ და მათთვის გადაადგილების უფლება არ შეუზღუდავთ.
"ჩემი შეფასებით, საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ესეთი რამ, მოაზროვნე ადამიანები, უნდა ხვდებოდნენ რა ჯობია ქვეყნის მომავლისთვის და განვითარებისთვის და საერთოდ არ უნდა ხდებოდეს აქციები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს დგახარ დღეს, ჩვენ თანაარსებობას გავაგრძელებთ ზუგდიდში და ისეთი ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო, რომ შეგვრცხვენოდა ერთმანეთის თვალებში ჩახედვის - ზუსტად ამიტომ ვიდექით იქ", - აღნიშნა მან.
ინფორმაციის, ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე, სამტრედიასთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თბილისში დაგეგმილ აქციაზე მიმავალ კოლონას ცოცხებით და შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.
მასალის გამოყენების პირობები