აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), წალენჯიხაში ახალ ოფისს - "დემოკრატიის ჰაბს" გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ EECMD ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკური აქტორების შესაძლებლობების განვითარების, პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და დემოკრატიული კულტურის გაძლიერების ხელშემწყობი.
"ეფექტური დემოკრატიის შექმნა, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური გაძლიერების მხარდაჭერისთვის, ვხსნით ახალ ოფისს. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების, საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდაჭერა და თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების წახალისებაა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ "დემოკრატიის ჰაბი" იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვისა და აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მოეწყობა შეხვედრები და სემინარები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.
ფოტო: წალენჯიხა
მასალის გამოყენების პირობები