აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტრევიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში, შესაძლოა
ავიაკომპანია შეიქმნას, წერს "ეხო კავკაზა".
მოსკოვში სამუშაო ვიზიტის შედეგების შეჯამებისას აფხაზეთის ლიდერმა განაცხადა, რომ "სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა - მასშტაბური ამოცანაა".
"აქამდე აფხაზეთის ხელმძღვანელობას არასოდეს გადაუწყვეტია ამ მასშტაბის ამოცანების გადაჭრა - არც საბჭოთა დროს და არც ომის შემდგომ პერიოდში. დიდი ალბათობით, ჩვენ იძულებულები ვიქნებით შევქმნათ ჩვენი ავიაკომპანია. რას ნიშნავს საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა? საკუთარი ავიაკომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭიროა გადამზადებული ეკიპაჟი და ამას წელიწადნახევარი დასჭირდება, მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად... ასეთი პრობლემა ჩვენ არასდროს გადაგვიჭრია. ერთ წელიწადში ეს ვერ მოგვარდება. ჩვენ ეტაპობრივად შევუდგებით ამ ურთულეს ამოცანის შესრულებას", - განაცხადა ბჟანიამ.
მანამდე აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტირებაზე თანხა უკვე გამოიყო და იმდეი გამოთქვა, რომ აეროპორტი ფრენების მიღებას 2024 წლის იანვრისთვის დაიწყებს.
სოხუმი უკვე არაერთი წელია ცდილობს რუსეთის მონაწილეობით სოხუმის აეროპორტის აღდგენას.
2019 წელს სოხუმის აეროპორტის დირექტორმა ვიაჩესლავ ეშბა ამტკიცებდა, რომ აეროპორტის კაპიტალური რემონტის და რეკონსტრუქციის პროექტი მზადაა და დამტკიცებულია დამპროექტებლების მიერ. მისივე ცნობით, პროექტი საჰაერო ტრანსპორტის სამეცნიერო - კვლევითმა ინსტიტუტმა "ლენაეპროექტმა" შეიმუშავა. ამავე წელს აფხაზური მედია წერდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის საინვესტიციო პროექტს რუსული კომპანია შპს "აეროინვესტი" ახორციელებს და მის მომზადებას, დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება.
2019 წლის აგვისტოში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმად, "არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს" ერთობლივი ბაზირების სტატუსი რაც ითვალისწინებს აეროდრომზე სამოქალაქო და სახელმწიფო თვითმფრინავების განთავსებას. გარდა ამისა, სოხუმის აეროპორტს "საერთაშორისო ოთხასოიანი კოდი UღAშ მიენიჭა, ამ დასახელების პირველი ასო პოსტსაბჭოთა სივრცის აეროპორტების კოდებში გამოიყენება, მეორე ასო აღნიშნავს რუსეთის ქალაქს, დონის როსტოვს, მესამე - აფხაზეთს და მეოთხე - სოხუმს.
სოხუმის გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (IჩAO) მიმართა, რომ სათანადოდ შეეფასებინა აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვა, სოხუმის აეროპორტი გახსნას საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. თავის მხრივ, IჩAO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს.
სოხუმის აეროპორტი ავიარეისებს 90-იანი წლების დასაწყისამდე იღებდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან. აეროპორტი 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ დაიხურა.
მასალის გამოყენების პირობები