ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარე მესამე მცდელობაზეც ვერ აირჩიეს. წინა სხდომებისგან განსხვავებით, დღეს თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდა.
გახარიას პარტიამ გიგა ფარულავას კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და შესაბამისად, თავმჯდომარის ასარჩევად კვორუმი ვერ შედგა. მანამდე, სხდომა დატოვეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა.
„დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს, არ გვაქვს ისეთი, როგორიც იყო ადრე. ერთხელ და სამუდამოდ იმ პარტიებმა ვინც ვართ, არამარტო ზუგდიდში, არამედ სხვა ქალაქის საკრებულოებშიც, უნდა ვისწავლოთ მაგიდასთან დასხდომა და ქალაქის ინტერესებზე ერთად მსჯელობა. გეკითხებით საჯაროდ, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რა ნაბიჯი გადადგით, რომ კრიზისიდან გამოვსულვიყავით“, - დასვა კითხვა სხდომაზე გიგა ფარულავამ.
ოპოზიციური პარტიის დეპუტატს „ქართული ოცნების“ წევრმა ჯონი ჯიქიამ უპასუხა. მან ფარულავას უთხრა, რომ ამ კრიზისის დაძლევის გასაღები გახარიას პარტიის ხელშია.
„ან უნდა აირჩიოთ „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“, სხვანაირად არ გამოვა. არითმეტიკა ყველამ ხომ კარგად ვიცით, ჩვენ ვართ 20, „ნაციონალური მოძრაობას“ 22 ჰყავს, 3 ხართ თქვენ. აქ თქვენ ქმნით კოალიციას, ოპოზიცია ხომ ხართ? შექმენით კოალიცია და აიღეთ პასუხიმგებლობა... მათთან თუ არ გინდათ ბატონებო, შექმენით ჩვენთან კოალიცია და დავამთავროთ ეს კრიზისი. თქვენს ხელშია ეს ყველაფერი... ამას არ აკეთებთ, გინდათ პოპულისტური განცხადებები. არ გამოვა ბატონებო ეს ასე, გაითვალისწინეთ ამომრჩეველის ნება - თქვენ გაქვთ 7%, ჩვენ 40%, 80/20 გამოდის თანაფარდობა, ასეთი კოალიცია არსად არ იქმნება, ცოტა თამასას დაუწიეთ “, - უთხრა ჯიქიამ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს.
„ჩვენ თამასა არ გვაქვს აწეული, ჩვენ ვითხოვთ კრიზისიდან გამოსავალს. ჩვენ ვითვალისწინებთ, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ინტერესებს“, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
სხდომის დასრულების შემდეგ, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ისინი კოალიციის შექმნას არც ერთ პარტიასთან არ გეგმავენ. ის მმართველი პარტიის და „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებს შეთანხმდნენ კანდიდატურაზე და დაასრულონ კრიზისი, რომელზეც პასუხისმგებლობა, მისივე თქმით, სწორედ ამ პარტიებს ეკისრებათ.
"გუშინ ჩხოროწყუში და დღეს ზუგდიდის მაგალითზე ყველამ ვნახეთ, რომ ორივე პარტია ვერც "ქართული ოცნება" და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ერევა თავიანთ პოლიტიკურ ეგოს. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა ორივე პარტიისგან, ისინი არც ცდილობენ ნაბიჯი გადადგან კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის. ჩვენ გუშინ ჩხოროწყუშიც წარვადგინეთ კანდიდატურა, დღეს კვორუმიც იყო. "ნაციონალური მოძრაობა" აბსურდული მიზეზით ტოვებს მორიგ ჯერზე სხდომას. შესაბამისად ამ კრიზისზე, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა. არავითარ პოლიტიკურ გარიგებაზე არ შეიძლება საუბარი. საზოგადოებამაც ნახა ჩვენი თითოეული ნაბიჯი არჩევნების დასრულების დღიდან. გამომდინარე იქედან რომ ორივე პარტია წარმოადგენს უმრავლესობას, მათ შეუძლიათ რომ მორიგდნენ, შეთანხმდნენ და შეთანხმებულად მოხდეს საკრებულოს დაკომპლექტება, რადგან ვერ თანხმდებიან, ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს, არ ვითხოვთ თანამდებობებს, ჩვენ არ ვვაჭრობთ თანამდებობებით, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კანდიდატურას და მუნიციპალიტეტის დაბალანსებულ მმართველობას“, - განმარტა ფარულავამ.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის საკრებულოში მყარი უმრავლესობა არც ერთ პარტიას აჰყავს და თანამშრომლობის და შეთანხმების გარეშე თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების არჩევა ვერ ხერხდება. კერძოდ, „ქართულ ოცნებას“ 20 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 22, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ 3 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები