მას შემდეგ, რაც დადიანების მუზეუმის ეზოში და ნიკოსეულ სასახლეში სატელევიზო შოუს გადაღება დასრულდა, გარეთა დეკორაციები დაშალეს.
ტელეკომპანია "იმედი" მეჯლისს ორი დღის განმავლობაში იღებდა. იდეა დადიანების მუზეუმის ადმინისტრაციას ეკუთვნის. პროექტის განხორციელება კი აღნიშნულ ტელევიზიას კულტურის სამინისტრომ ანდო. დაპირების მიუხედავად, გარეთა დეკორაციების ნაწილი აიღეს, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და შოუს ერთ-ერთი წამყვანი გიორგი კალანდია რადიო
"ათინათთან" საუბარში მაშინ ამბობდა, რომ დეკორაციები გადაღების შემდეგაც დარჩებოდა და მისი დათვალიერება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლებოდა. ნიკოსეულ სასახლეში დარჩენილი დეკორაციებისა და საახალწლო მორთულობების სანახავად მოქალაქეებმა მისვლა უკვე დაიწყეს.
რა შეიცვალა და რატომ არ დატოვეს დეკორაციების ნაწილი, ამ კითხვით მუზეუმის დირექტორს დავით ოყუჯავას მივმართეთ.
"შიგნით, ნიკოსეულ სასახლეში, რაც არის დეკორაციები არ დაშლილა, როგორიც იყო მორთული ისეა ახლაც. ასევე, გარეთა ფასადი, როგორიც ჰქონდა სასახლეს, შენარჩუნებულია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი ლამაზი ფასადი ახალწელს არასოდეს ქონია ამ სასახლეებს, ამ სივრცეს. რაც შეეხება იმას, რაც გარეთ იყო, ეს იყო საცეკვაო მოედნისთვის აწყობილი, არ იყო მყარი კონსტრუქციები, მაგას ვერ დავტოვებდით, რადგან საფრთხეს ქმნიდა. ღამის საათებში აქ ვერავინ გააკონტროლებდა მოქალაქეებს, მართალი გითხრათ ზოგჯერ მოტოციკლებით შემოდიან და ნებისმიერი უბედური შემთხვევა ჩვენი პასუხისმგებლობა იქნებოდა და ამიტომ არ დავტოვეთ გარეთა დეკორაციები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ იყო უსაფრთხო და მყარი",- განმარტავს ოყუჯავა.
რაც შეეხება
"ათინათის" კითხვას, რა პრინციპით შეარჩიეს ტელეკომპანია "იმედი", ოყუჯავა ამბობს, რომ ტელევიზიის შერჩევაში მუზეუმის ადმინისტრაციას მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, იდეა იყო მათი, რომელიც კულტურის სამინისტროს შესთავაზეს.
"მუზეუმი მონაწილეობდა პროექტის შედგენაში და საბოლოოდ, გიორგი კალანდიამ დაამუშავა. ეს იდეა შევთავაზეთ კულტურის სამინისტროს და ქალბატონი მინისტრის დახმარებით მოხერხდა მისი განხორციელება. გულწრფელად გეტყვით ჩემვის, როგორც დადიანების სასახლის ხელმძღვანელისთვის, ვინ იქნებოდა ამის შემსრულებელი არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარი იყო ესენი ყოფილიყვნენ პროფესიონალები და საქმის მცოდნეები. რაც ამ დღეების განმავლობაში დავინახე, მართლა დღე და ღამე შრომობდნენ, ღამეებს ათენებდნენ, საუკეთესოდ გააკეთეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის დეკორაციები რაც იყო გამოყენებული, კაბების ჩათვლით, ყველაფერი დარჩა მუზეუმს. მას სხვა ღონისძიებების დროს აუცილებლად გამოვიყენებთ, რომელიც ნიკოსეულ სასახლეში ბევრი გაიმართება", - ამბობს მუზეუმის ხელმძღვანელი.
დავით ოყუჯავამ არ გვიპასუხა კითხვაზე, თუ რამდენი დაიხარჯა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის და გვირჩია, რომ ამ კითხვით სამინისტროსთვის მიგვემართა, რომელმაც პროექტი დააფინანსა.
რადიო
"ათინათმა" უკვე გააგზავნა განცხადება კულტურის სამინისტროში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები