სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის,
ტარების, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ვებგვერდი იტყობინება.
გამოძიების ინფორმაციით, 1-ელ იანვარს, მამაკაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი მონაცემებით, მას სასტუმრო "გარუდას" რესტორანში ესროლეს.
ადგილობრივი ტელეგრამის არხების ცნობით, სროლის შედეგად იმავე რესტორანში, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სროლა ოჩამჩირის რაიონის "გამგეობის უფროსმა" ბესლან ბიგვავამ გახსნა, წერს "რესპუბლიკა".
მომხდარის გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები