რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, კერძოდ:
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი - ჯვარი - მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა და ახლაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები