სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ამ დრომდე არ შემცირებულა - „ენერგო-პრო ჯორჯია“
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა და ხარჯი კვლავ დრამატულად მაღალია.
კომპანიაში პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ვითარება, თუ არაგონივრული დატვირთვის გამო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „მოაში“ მწყობრიდან კვლავ გამოვა.
„არ შემცირებულა მოხმარება, დაახლოებით, იგივე რჩება, რაც იყო. სვანეთისთვის დენის მიწოდება იმის ხარჯზე ხდება, რომ კომპანიამ თავისი თანამშრომლების სიცოცხლის რისკის ფასად შეაკეთა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „მოაში“, რომელიც მესტიისა და მისი სოფლების ძირითადი მკვებავი ხაზია. ეს ხაზი გეოგრაფიულად და კლიმატურად იმდენად რთულ ადგილებშია, რომ ზამთარში მისი რეაბილიტაცია ურთულესია. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც ხაზები მწყობრიდან გამოდიოდა, მისი შეკეთება ზაფხულამდე ვერ ხერხდებოდა. დრამატულად გაზრდილმა მოხმარებამ კვლავ, თუ გამოიყვანა ხაზი მწყობრიდან უკვე რა იქნება პროგნოზს ვერ ვაკეთებთ“, - ამბობენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
ინფორმაციისთვის, სვანეთში, ბიტკოინების წარმოების გამო, შექმნილ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში 30 დეკემბერს შეიკრიბა. მათ ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავდნენ. ამით იმედი გაუჩნდათ, რომ მესტიაში დენის მოხმარება შემცირდებოდა, თუმცა უშედეგოდ.
მესტიის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას. ამავე ცნობით, გასული წლების მონაცემებთან შედარებით, დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები