ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შშმ პირების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა
და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთად გააპროტესტეს პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე
ძალადობის ფაქტები. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ძალადობის შემთხვევები მხოლოდ ცალკეული პოლიციელების დანაშაული არ არის და აქ მთავარი დამნაშავე სისტემაა, რომელიც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს.
„ჩემი პროტესტის მიზეზი არის ის ბრაზი, რაც მაქვს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა ხდება ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვიღებთ ასეთ კადრებს. აქამდეც გვსმენია მსგავსი შემთხვევების შესახებ, მაგრამ არ გვქონდა ფაქტები. ამ ყველაფერმა უკვე სისტემური ხასიათი მიიღო და ჩუმად ჰყოფნის უფლება არ გვაქვს“, - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა, ცაბუნია ვართაგავამ.
ცაბუნია ვართაგავა, სამოქალაქო აქტივისტიპარტია „ლელოს“ წარმომადგენელი სოფო შამუგია ამბობს, რომ დღეს აქციას შეუერთდა, როგორც შშმ ბავშვის მშობელი, რადგან მას არ სურს ბავშვები ისეთ გარემოში გაიზარდონ, სადაც შშმ პირები მიუღებლები არიან.
„შშმ პირების მიმართ, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, თითქმის, ყოველ მეორე ნაბიჯზე ხდება ამათი ჩაგვრა... პირველ რიგში საზოგადოება უნდა გახდეს ლოიალური ამ ადამიანების მიმართ და მეორე, სახელმწიფოს ამაზე აქვს ძლიერი რეფორმები განსახორციელებელი. პირველ რიგში, უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება ასეთ კადრებზე. ერთი და ორი ადამიანის დაკავება არ ნიშნავს, რომ ვიღაცა დაისაჯა და რაღაც გამოსწორდა. ზოგადად, სისტემაა შესაცვლელი, რომელიც ჩალპა და ძირეული ცვლილებებია მოსახდენი, თუ გვაქს პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად არ ვართ პროდასავლური ქვეყანა, და მივდივართ უფრო რუსეთისკენ“, - მიიჩნევს სოფო შამუგია.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მხრიდან გახშირებული ძალადობის ფაქტები სამხარეო პოლიციასთან
გააპროტესტეს.
მასალის გამოყენების პირობები