გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა.
კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა სოფელ სალხინოსა და ლეხაინდრავოში დააფიქსირეს.
"სოფელ სალხინოში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ეზოში 69 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3.6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) იყო განთავსებული. უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი სოფელ ლეხაინდრავოშიც. ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია 58 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). მათგან, 43 ერთეული თხმელას (მურყანი) სახეობის მორი საკარმიდამო ეზოში, 15 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი კი, ეზოში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე იყო განთავსებული", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამავე ცნობით, ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები