ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ადმინისტრაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება,
რომელშიც ა(ა)იპ-ის ყოფილი თანამშრომლის მიმართ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო, დისკრიმინაციის ნიშნებზე საუბარი.
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" ყოფილი თანამშრომლის მიმართ პოლიტიკური მოსაზრების გამო, დისკრიმინაციის შესახებ სიცრუეა და არ ემყარება არცერთ მტკიცებულებას. აპარატს სათანადოდ არ შეუსწავლია კესარია წულაიას საქმე, არ დაინტერესებულა მის მიერ შესრულებული მუშაობით და არსებული სხვა გარემოებებით, რის გამოც წულაიას ხელშეკრულება შეუწყდა. აპარატი ენდო მხოლოდ დაინტერესებული პირის, ამ შემთხვევაში კესარია წულაიას მონათხრობს და ცალმხრივად მიუდგა საკითხს.
გაცნობებთ, რომ "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" მხრიდან კესარია წულაიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. კესარია წულაიასთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 26 აპრილს ადმინისტრატორ-კოორდინატორის პოზიციაზე. ორგანიზაცია გეგმავდა კულტურულ-შემოქმედებითი შეხვედრების, ღონისძიებების, აქტივობების ჩატარებას (კონცერტები, სპექტაკლები, შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები და სხვა), რომელთა ორგანიზება, შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა/მოწესრიგება, სტუმრების დახვედრა-მიღება წარმოადგენდა დასაქმებულის უშუალო კომპეტენციას. ბუნებრივია, მსგავსი ტიპის კონცერტებისა და საღამოების ორგანიზება და გამართვა ონლაინ არ არის შესაძლებელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით კესარია წულაია აყვანილ იქნა შტატგარეშე თანამშრომლად. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაუქმდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება, ორგანიზაცია გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე" სამუშაო და სასწავლო პროცესს წარმართავდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი კოვიდ რეგულაციების დაცვით. ორგანიზაცია უფრთხილდებოდა თითოეული მოქალაქისა და მოსწავლის სიცოცხლეს, ამიტომაც თავს იკავებდა სხვადასხვა სახის აქტივობისგან. ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით მიგვაჩნია რომ ორგანიზაცია მოქმედებდა კეთილსინდისიერად.
გარდა ღონისძიებების ორგანიზებისა კესარია წულაიას ევალებოდა გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი, შეხვედრების ოქმების მომზადება, ასევე დოკუმენტების თარგმნა. 2021 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე ორგანიზაციაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ამდენად, გაკვეთილებზე დასწრების მონიტორინგს დასაქმებული ვერ განახორციელებდა სასწავლო წლის დაწყებამდე, კერძოდ 1 ოქტომბრამდე. ვინაიდან არ გამართულა მნიშვნელოვანი შეხვედრები, მის მიერ არ შედგენილა შესაბამისი ოქმებიც. ჩვენთვის გაურკვეველია რატომ არ მოგვმართა კესარია წულაიამ წერილობით, რათა გამოეთხოვა მის მიერ შედგენილი შეხვედრების ოქმების, აგრეთვე მის მიერ ნათარგმნი დოკუმენტების ასლები, იმისათვის რომ სახალხო დამცველს სწორად შეეფასებინა რამდენად სრულფასოვნად სრულდებოდა მის მიერ სხვა დამატებითი, მნიშვნელოვანი ფუნქციები ("მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე" მსგავს დოკუმენტებს ვერ წარუდგენდა, ვინაიდან კესარია წულაიას მიერ აღნიშნული დოკუმენტების შემუშავება/შედგენა არ მომხდარა).
ჩვენთვის საინტერესოა წარუდგინა თუ არა სახალხო დამცველის აპარატს კესარია წულაიმ მის მიერ გაწეული და შესრულებული მუშაობის ანგარიში. იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ წარმოადგენდა მის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს, საინტერესოა მისი მხრიდან დასაბუთება, რითი იყო აღნიშნული გარემოება განპირობებული. ან რის საფუძველზე გააკეთა განცხადება სახალხო დამცველის აპარატმა, როცა დამსაქმებელი ორგანიზაციიდან ეს დოკუმენტაცია არ გამოუთხოვია და არც შეუსწავლია.
კესარია წულაია "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში" მუშაობდა 2021 წლის 26 აპრილიდან 2021 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით. დასაქმებული, 2021 წლის 26 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, 10 (ათი) კალენდარული დღით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, ხოლო 2021 წლის 6 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით (დასაქმებიდან 2 თვეში) მან ისარგებლა სრული ანაზღაურებადი შვებულებით, კერძოდ 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღით. საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. თუმცა, დირექტორის კეთილი ნებით დასაქმებულმა ისარგებლა სრული ანაზღაურებადი შვებულებით აღნიშნული ვადის გასვლამდე, რაც ერთის მხრივ მიუთითებს, რომ ორგანიზაციის მხრიდან დასაქმებულის შრომითი უფლებები მაქსიმალურად იყო დაცული და არანაირ დისკრიმინაციულ მიდგომებს მის მიმართ ადგილი არ ჰქონდა. ასევე, მეორეს მხრივ, ცხადია რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით დასაქმებულს რეალურად არ ჰქონდა ორგანიზაციაში ფუნქციური დატვირთვა. ამასთანავე, კესარია წულაია სარგებლობდა "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" შინაგანაწესით განსაზღვრული ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკით (09:30 – 18:00 სთ). კერძოდ თანამშრომლებს, რომელთაც ჰყავთ 10 წლამდე სკოლამდელი ან/და სასკოლო ასაკის შვილი, უფლება აქვს სამსახურში გამოცხადდნენ დადგენილზე ნახევარი საათით გვიან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენთვის გაუგებარია სახალხო დამცველის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ დასაქმებული არახელსაყრელ პირობებში იმყოფებოდა ორგანიზაციაში დასაქმებულ სხვა პირებთან შედარებით.
"მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" მხრიდან დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტამ განაპირობა შტატგარეშე თანამშრომლის საშტატო ერთეულის გაუქმება. სახალხო დამცველს შესაძლოა ემსჯელა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე იმ შემთხვევაში, რომ მომხდარიყო აღნიშნული შტატგარეშე თანამშრომლის საშტატო ერთეულის შენარჩუნება და ამ პოზიციაზე სხვა კადრის დანიშვნა.
დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" დირექტორის 2021 წლის 23 აგვისტოს №373 ბრძანების მე-3 პუნქტის შესაბამისად კესარია წულაის მიეცა კომპენსაციაც 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით", - ვკითხულობთ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" თანამშრომლის მიმართ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო, დისკრიმინაციის ნიშნები დაადგინა. ომბუდსმენი მოუწოდებს სასახლის ადმინისტრაციას აღადგინოს ყოფილი თანამშრომელი სამსახურში და მომავალში დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები არ დაუშვას.
ამავე თემაზე:
ომბუდსმენის აპარატმა ზუგდიდის ა(ა)იპ-ის თანამშრომლის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
მასალის გამოყენების პირობები