„ქართული ოცნების“ დეპუტატი თაზო ფაცაცია მიიჩნევს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევა ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობისა“
და გახარიას პარტიის თანამშრომლობას. ამასთან, ის ამბობს, რომ ამ თანამშრომლობით ყველაზე მეტად „გახარია-საქართველოსთვის“ ამომრჩეველია იმედგაცრუებული.
„დღევანდელი დღე ნამდვილად გამოაშკარავება და ლუსტრაციაა იმ ორი პარტიის, რომელიც ერთი და იგივე იდეოლოგიას ატარებს სხვადასხვა სახელებით. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მას დამსგავსებული, უფრო უარესიც კი შემიძლია ვთქვა, არა „გახარია საქართველოსთვის“, არამედ პარტია „გახარია - სააკაშვილისთვის“. ყველა ის ადამიანი არის იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი, რომელმაც მხარი დაუჭირა „გახარია - საქართველოსთვის“. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა ნამდვილად სულ სხვა კურსის და სხვა პლატფორმის პარტია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გახარია ნამდვილად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და მათ პოლიტიკური ქორწილი დღეს დაამტკიცეს ზუგდიდში“, - აღნიშნა ფაცაციამ.
მმართველი პარტიის წევრი შესაბამისი კითხვის პასუხად ამბობს, რომ ენმ-სთან და გახარიას პარტიასთან მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ინტერესებს გამოხატავს.
„მე მეეჭვება ამ ალიანსის ეფექტიანი მუშაობის, რამეთუ მათ თავიანთი ნაბიჯებით უკვე დაამტკიცეს, ერთმა პარტიამ თავისი პოლიტიკური წარსულით, მეორემ მასთან გაერთიანებით, რომ ისინი სიკეთეს არ უქადიან ამ მუნიციპალიტეტს, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას მათ არ მივცემთ, რამეთუ ბოლომდე ყველაანირ საკითხს ისე გავატარებთ, როგორც აინტერესებს მოსახლეობას და ზუგდიდელებს. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ზუგდიდში - ის სამალავები, ის უბედურება, ავადსახსენებელი პერიოდი და ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის იმ გარემოებას, რომ ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა, რაც დღეს ამ ორმა პარტიამ ზუგდიდში გააკეთა. მათ ამ ტვირთის ტარება მოუწევთ ბოლომდე, როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად“, - თვლის თაზო ფაცაცია.
ინფორმაციისთვის, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები