ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც პოლიტიკური თანამდებობის პირები უნდა აერჩიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არ გამოცხადნენ. შედეგად,
კვორუმი არ შედგა და სხდომა ჩაიშალა. მანამდე, ერთი საათით გადადეს სხდომის დაწყება, თუმცა უშედეგოდ.
საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე, გიგა ფარულავა მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“ სურს წარმომადგენლობით ორგანოში ყველაფერი მათი ძალაუფლების ქვეშ იყოს. მისივე თქმით, „საქართველოსთვის“ ამას არ დაუშვებს და ორივე პარტიას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
„ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“ სურს ყველაფერი იყოს თავის ძალაუფლების ქვეშ მოქცეული. სამწუხაროდ, ასე ვერ იქნება და იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო სხდომებზე გამოცხადება, როგორც „ქართული ოცნება“ ისე, „ნაციონალური მოძრაობა“ და პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ. ამ ეტაპზე პარტიებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. კითხვაზე პასუხი მარტივია, დღეს სხდომას იმიტომ არ დაესწრნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც "ქართულ ოცნებას" სურს ან არაფრი, ან ყველაფერი - რაც არის საკრებულოში თანამდებობები“, - ამბობს გიგა ფარულავა.
„ქართულ ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პარტია „საქართველოსთვის“ შემოთავაზებას არ იღებენ და ოპოზიციაში რჩებიან.
„ჩვენ წინა სხდომაზეც აღვნიშნეთ, რომ არ ვაპირებთ მათ კოალიციაში შესვლას. ჩვენ არ გვჭირდება თანამდებობები, ისედაც გავუწევთ კონსტრუქციულ ოპონირებას საკრებულოში. პოლიტიკური თანამდებობები შეუძლიათ გადაინაწილონ თვითონ",- აღნიშნა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ოთარ ქადარიამ.
თავის მხრივ, “ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ იმის გამო არ გამოცხადნენ, რომ მათ რამდენიმე დეპუტატს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და PCR-ტესტის პასუხებს ელოდებიან.
საკრებულოს სხდომა 1-ელ მარტამდე გადაიდო.
ინფორმაციისთვის, 14 თებერვალს საკრებულომ მეექვსე მცდელობაზე თავმჯდომარის არჩევა მოახერხა. პროცესი თავმჯდომარის მოადგილეების და კომისიის ხელმძღვანელების არჩევით უნდა გაგრძელდეს.
მასალის გამოყენების პირობები