დონბასიდან ევაკუირებულების ჩამოსაყვანად სოხუმიდან კოლონა გაემართა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განკარგულებით, სოხუმიდან სეპარატისტული დონბასისკენ კოლონა დაიძრა,
რომელიც 2 ავტობუსის და რეანომობილისგან შედგება. "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" თანამშრომლების ჯგუფი უწყების ხელმძღვანელთან, ლევ კვიცინიასთან ერთად, "დონეცკსა და ლუგანსკში დევნილების აფხაზეთში ევაკუაციის მიზნით გაემგზავრა". ინფორმაციას "საგანგებოს" პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე, რესპუბლიკაში 100 - მდე ადამიანის ჩამოყვანა და სოხუმის სასტუმრო "აიტარში" განთავსებაა დაგეგმილი.
ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ. სპეციალურ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება "სამართლიანია, გეოპოლიტიკური რეალობის ადეკვატურ შეფასებაზეა დაფუძნებული და შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს".
მანამდე აფხაზმა ლიდერმა თქვა, რომ "აფხაზეთი მხარს უჭერს დონბასის მცხოვრებლებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, რომ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მათ".
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
მასალის გამოყენების პირობები