ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, ისე რიგითი მოქალაქეები. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: "საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე", "მშვიდობა უკრაინას", "არ გვინდა ომი" და სხვა. შეკრებილებმა დაგმეს რუსული აგრესია და აღნიშნეს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი და დღეს რუსეთი მთელ ცივილურ სამყაროს ებრძვის. აქცია მოძრაობა "დროას" ორგანიზებით ჩატარდა.
"დღეს ამ აქციაზე ვართ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომლებიც რუსეთის მხრიდან არიან წარმოუდგენლად დიდი და მასშტაბური აგრესიის მსხვერპლი. ფაქტია, რომ რუსეთი ეწევა სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე და ეს აგრესია არ ეხება მხოლოდ უკრაინას, საქართველოს, არამედ მთელ ცივილურ სამყაროს. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - ან რუსეთი და ეს ბნელი ძალა გაიმარჯვებს, ან მას დაამარცხებს ცივილური სამყარო. გამოვთქვამ ძალიან დიდ იმედს, რომ უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მონდომებით, ასევე დასავლური სამყაროს მხარდაჭერით რუსეთი დამარცხდება, რაც ნიშნავს, რომ ის დამარცხდება საქართველოშიც და ცივილიზაციასთან, თანამედრვეობასთან ბრძოლაშიც. არ შეიძლება საბჭოთა მეთოდებით დღეს არღვევდნენ ქვეყნების სუვერენიტეტს, ახდენდნენ ტერიტორიების ოკუპაციას", - აღნიშნა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.
პარლამენტის წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება.
"მინდა გამძლეობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს. მათ უნდა იცოდნენ, ამ ბრძოლაში თავისუფლებისთვის ქართველები ვართ და ვიქნებით მათ გვერდით. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე. რუსეთის დასასრული იქნება სწორედ უკრაინაში", - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა.
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.
მასალის გამოყენების პირობები