ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი ბორანი "VILNIUS", მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან 27 თებერვალს, ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა.
ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, უკრაინული ბორანი სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი სახელმწიფო იზრუნებს.
"საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი განთავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების გადახდის ვალდებულებისგან. გარდა ამისა, ბორანს უფასოდ მოემსახურა სალოცმანო კომპანია "ფოთი პაილოტიც". საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები, სურვილის შემთვევაში, გამოეგზავრებიან ბათუმში და უსასყიდლოდ განთავსდებიან სასტუმროში", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები