დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო
საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge.
"რეგისტრაციის დროს მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი და სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება. თუ მონაწილე ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია ყველა მსურველს რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები