საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამავე ცნობით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. ასევე თავისუფალია საავტომობილო გადაადგილება გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის",- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები