აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას თანაშემწედ 19 წლის სტუდენტი ედგარ გვაზავა დაინიშნა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გვაზავა არის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) დსთ-ს კლუბის კოორდინატორი, წერს "ეხო კავკაზა".
ამავე ცნობით, გვაზავა კოორდინაციას გაუწევს ახალგაზრდობის მხარდაჭერის ცენტრის "აფხაზეთის მომავლის" საქმიანობას რუსეთში აფხაზეთის საელჩოს ბაზაზე, რუსული უნივერსიტეტებთან და განვითარების ინსტიტუტებთან ურთიერთქმედებით. მას უმაღლესი განათლება მოსკოვში, "ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში" აქვს მიღებული.
ინალ არძინბა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსად 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია.
არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014-2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას კურირებდა.
ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.
მასალის გამოყენების პირობები