ჩხოროწყუსა და მესტიაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის სამი პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიაში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 54 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს დააკავეს 1973 წელს დაბადებული თ.ნ. და 1963 წელს დაბადებული ჯ.თ. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 78 ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები