ახალი ამბები
არ არსებობს არგუმენტი, რომელიც უკრაინელი ხალხის გენოციდს გაამართლებს - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
"არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის უმწეო ბავშვებისა და მოხუცების ხოცვა-ჟლეტას, უკრაინელი ხალხის გენოციდს და გენოციდის ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებს გაამართლებს", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის გზავნილშია ნათქვამი. მან სააღდგომო ლიტურგია ფოთის საკათედრო ტაძარში აღავლინა. მიტროპოლიტის გზავნილი მრევლს მღვდელმა კირიონ უგრეხელიძემ გააცნო.

"დღეს, როცა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვზეიმობთ, ჩვენს თვალწინ არიან ჩვენი დროის ახალმოწამენი, რომელთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, ჯანღონით სავსე ახალგაზრდები, მათ შორისაა არაერთი ჩვენი ღირსეული თანამემამულე, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი რომ გახდნენ. განუზომლად იზრდება ამ ვითარების დრამატიზმი, როცა ხედავ და გესმის, რომ ამ ბოროტმოქმედებას ახალისებენ, და არა მხოლოდ ახალისებენ, არამედ აკურთხებენ და ადამიანების მასობრივ მოსპობას ე.წ. "წმიდა ომის" კვალიფიკაციასაც კი ანიჭებენ. ბრძანების გამცემებსა და მაკურთხებლებში აშკარად იკვეთება რუსული იმპერიული პოლიტიკის ბოროტი ენერგიების კრებსითი სახე. დიახ, განუზომელია ტკივილი და მწუხარება, რომლის ფონზეც აღვნიშნავთ წლევანდელ აღდგომას; ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მეორე მსოფლიო ომში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მსგავსი რამის გამეორება ევროპის ტერიტორიაზე კვლავაც შესაძლებელი იქნებოდა! რაოდენ სამწუხაროა, რომ მოხდა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო! სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ამ ბოროტების მანამდე ალაგმვა/შეჩერება (თუნდაც - 2008 წელს!), ვიდრე ის თავის ბოროტ ფრთებს გაშლიდა.

არანაკლებ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს ბოროტება ქრისტიანული სარწმუნოების საფარქვეშ გახვეული ცდილობს გვაცდუნოს და ბოროტება სიკეთედ მოგვაჩვენოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ და ავხსნათ ის ფაქტი, რასაც ადგილი აქვს რუსეთის სახელმწიფოსა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა და მესვეურთა მხრიდან?! ვერც ადამიანური და ვერც ღვთაებრივი ლოგიკით ვერ ჩავწვდებით იმას, რითაც ისინი უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამართლებას ცდილობენ. ადამიანური და ღვთაებრივი ლოგიკის ყოველგვარ კანონს ეწინააღმდეგება ის, რასაც რუსეთის ეკლესიის მეთაური "ბოროტების წინააღმდეგ მეტაფიზიკურ ბრძოლას" უწოდებს. რაში გამოიხატება ეს ე.წ. "მეტაფიზიკური ბრძოლა" - იმაში ხომ არა, რომ მართლმადიდებლობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენლები ერთობლივად აგზავნიან თავიანთ ჯარისკაცებს მართლმადიდებელი ძმების დასახოცად და ენით აღუწერელ სასაკლაოს აწყობენ მათივე მოძმე ერის მიწაზე?! არაფერია უფრო სახიფათო და მაცდუნებელი, როგორც სარწმუნოების საფარქვეშ დამალული ე.წ. "უმანკო ცინიზმი". ქრისტიანობა ცალსახად გმობს ამგვარ ცინიზმს მოყვასის მიმართ!

ჩვენ თვალწინ მომხდარ ბოროტებას ვერაფერი გაამართლებს! დადგა ჟამი, როდესაც აშკარა ზღვარი უნდა გავავლოთ სიკეთესა და ბოროტებას შორის. აქ არ არსებობს "თუ" და "მაგრამ"! ცალსახად უნდა ითქვას შემდეგი: ის, რასაც დამპყრობელი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, არის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს! ამ ბოროტებას საზღვარი არ გააჩნია და მას, ვითარცა სიბნელეს, მხოლოდ სინათლე დაუდებს ზღვარს. ხოლო ვინც ამ აგრესიისა და უსამართლობის მსხვერპლია, მათთვის უფალი ჩვენი და მაცხოვარი, იესო ქრისტე ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა" (მთ. 5,10). ვილოცოთ, რომ უკრაინაში, საქართველოში და ყოველსა ქვეყანასა ზედა სიკეთე და სიკეთის გამარჯვების შედეგად დამკვიდრებული მშვიდობა სუფევდეს", - ნათქვამია მეუფე გრიგოლის სააღდგომო გზავნილში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
07 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.
07 / აპრილი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ამოქმედების შედეგად, საქართველოს პორტებში საკონტეინერო ტრანზიტისა და გადამუშავების უნარიანობა გაორმაგდება.
07 / აპრილი 2025
"ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს საბა სორდიას გაურკვეველი მიზეზებით იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ამის შესახებ ძველიშვილმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.