საქართველოს ქალთა საბჭოს მესტიის ორგანიზაციამ მესტიაში უკრაინელი დედებისა და ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართა.
როგორც რადიო
"ათინათს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ხარძიანმა უთხრა, ღონისძიება საბჭოში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფების კოორდინაციითა და მხარდაჭერით ჩატარდა, შემოსული თანხა კი უკრაინიდან დევნილი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა.
"ამ ეტაპზე ჩვენი ორგანიზაციის ყურადღება მიპყრობილია უკრაინაში მიმდენარე სისასტიკესა და პროცესებზე, რამაც მსოფლიო შეძრა. ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელთა კოორდინაციით და მხარდაჭერით განვახორციელეთ ეს პროექტი, დავეხმაროთ უკრაინიდან დევნილ დედებსა და ბავშვებს. ჩვენი მდიდარი კულტურიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვეტანა წვლილი, მივმართეთ შემოქმედებს - ანსამბლებს, მხატვრებს, მეწარმეებს და ყველასგან იყო თანხმობა. ამ ერთსულოვნებითა და სოლიდარობით შედგა წუხანდელი საღამოც", - აღნიშნა ხარძიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს ქალთა საბჭო უკრაინის ოფისებთან კოორდინებით და მათ მიერ გადმოცემული საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებს. რაც შეეხება უშუალოდ საბჭოს, ის ასწლოვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ორგანიზაციაა.
მასალის გამოყენების პირობები